თეგი: სამხედრო აღჭურვილობა

ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა

ჩინეთმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა პეკინს სამხედრო დახმარება სთხოვა. პეკინი ვაშინგტონს „დეზინფორმაციის გავრცელებაში“ ადანაშაულებს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა. ოფიციალური პირის თქმით, რუსეთმა ასევე სთხოვა ჩინეთს დამატებითი ეკონომიკური დახმარება, იმ ზარალის წინააღმდეგ, რომელიც მისმა ეკონომიკამ დასავლეთის მძიმე სანქციების შემდეგ განიცადა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის შეხვდება. მოლაპარაკებები 14 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში იმართება. Reuters-ი წერს, რომ პეკინმა რუსეთის თავდასხმა არ დაგმო და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

აშშ-მ თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ ჩინეთი მზადაა, რუსეთს სამხედრო დახმარება მიაწოდოს - Reuters

ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, რომ რუსეთს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს. Reuters-ი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა ამის შესახებ თავის მოკავშირეებს აცნობა. ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა. მანამდე, Financial Times-ი და Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა. ცნობისთვის, 13 მარტს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გააფრთხილა ჩინეთი, რომ სანქციების აცილების მცდელობებს, რუსეთის მხარდაჭერის მიზნით, შედეგები მოჰყვება. „ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ეკონომიკური სანქციებისგან თავის დასაღწევად, რომელიმე ქვეყანამ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რუსეთისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია შეასრულოს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.  14 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი ჩინელ დიპლომატს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრს და კომპარტიის საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორს იან ცზეჩის რომში შეხვდა.

სლოვაკეთი დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო ტექნიკას შეაკეთებს

კიევის მოთხოვნის შემდეგ, სლოვაკური კომპანია დაზიანებულ უკრაინულ სამხედრო აღჭურვილობას შეაკეთებს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სახელმწიფო ფირმა Konstrukta-Defense-მა უკრაინულ მხარესთან უკრაინული სამხედრო ტექნოლოგიების შეკეთებასა და მოდერნიზებაზე კონტრაქტი გააფორმა, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.  

შარლ მიშელი: ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს

"ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს", – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებთან გამკლავებაში. გასულ წელს, ჩვენ გამოვაცხადეთ შვიდი მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა აღჭურვილობისთვის, ასევე არმიის სამედიცინო და ტექნიკური საჭიროებებისთვის ევროკავშირის მშვიდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე წელს კი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვისადმი მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. ჩვენ ასევე დავეხმარებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სოციალური ერთიანობის გაძლიერებაში და კიბერთავდასხმების მოგერიებაში. ჩვენ გვჯერა, რომ რეფორმები გააძლიერებს მოლდოვის მდგრადობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდელობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.